რა სახელმწიფოს ვაშენებთ?

ხოლო შენ, მზეო საქართველოისაო,
არღა მოიქეც მერიდიანსა ამას…
ანტონ I ბაგრატიონი

მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა ეღირსა, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ხშირად გაისმის კითხვა: რა სახელმწიფოს ვაშენებთ? საით მივდივართ? სამწუხაროდ პასუხი ან არ არის, ანდა ძალიან ზედაპირულია: ვაშენებთ დასავლური ორიენტაციის დემოკრატიულ სახელმწიფოს. არა, ახლა უკვე ქართულ სინგაპურს ვაშენებთ ევროპაში. ჩანს მართლა დაბერდა ევროპა, რომ თავად ვერ მოიფიქრა აქამდე ევროპული სინგაპურის გაკეთება, ჩვენ კი ახალგაზრდული ნოვატორული სისხლი გვიჩქეფს და ახლა მაგალითს ვაძლევთ ევროპას, ხომ დაიწყეს უკვე ჩამოსვლა პოსტსაბჭოელებმა და არასაბჭოელებმა ჩვენთან გამოცდილების მისაღებად? უბრალოდ ვერ გამიგია, რატომ ვარიგებთ ამ ჩვენს ინოვაციებს უფასოდ? იაპონია აყვავდა ტექნოლოგიების გაყიდვით, ჩვენ რა ნაკლები კომერციული ნიჭი გვაქვს? კოხტად შევფუთოთ ჩვენი ქართულ-სინგაპურული ქვეყნის მოწყობისა და მართვის ტექნოლოგია, ზედ მარილად მოვაყაროთ გაბრჭყვიალებული და “ტანცი-მანციანი” პიარ-ტექნოლოგიები და ჰაიდა ევროპის ბაზარზე, რომლის კარიც ყურთამდე ღიაა ჩვენი პროდუქციისთვის. მით უმეტეს ახლა კარგი მომენტი გვაქვს, მთელი მსოფლიო კრიზისშია ყელთამდე ჩაფლული, ჩვენი სახელმწიფო კი ამ დროს არა თუ არ ჩამოიშალა, კრიზისი არც კი შეგვხებია, ისე, მსუბუქად გავკენწლა მხარზე მხოლოდ და ახლა, ნომერ პირველი რეფორმატორები ვყელყელაობთ და მაღლიდან გადავყურებთ დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის გვარს არ დავასახელებ, აქვე მეზობლად რომაა, ფეოდალური ჩამორჩენილი სახელმწიფო, ჭუჭრუდანიდან რომ უყურებს ჩვენს აღმშენებლობას და გულზე სკდება ბოღმით.
ერთი ფარატინა ქაღალდი თუ უნახავს ვინმეს, სადაც გინდა შავით და გინდა ცისფრით (ძალიან მოდური ტერმინი გახდა) ეწეროს საქართველოს მომავლის გეგმა. აღარ გვინდა ლამაზსიტყვაობის მოსმენა “დასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებზე”, დასავლეთს თავი გასჭირვებია სულიერადაც და ეკონომიკურადაც, დემოკრატიაში ხომ ორივე ფეხით კოჭლობს. სულ სხვაა აღმოსავლეთი, სინგაპურს ვგულისხმობ, გაბრჭყვიალებულ-გაბრდღვიალებულს, ფულში მობანავეს, მერე რა რომ იქ ეროვნული ღირებულებები არ არსებობს, მერე რა რომ სახელმწიფო ენა ინგლისურია, და კიდევ ჩინური, ჩვენც ხომ გვამზადებენ ამისთვის? ათი ათას ინგლისურის მასწავლებელს ერთი მილიონი ჩინურის მასწავლებელი მოჰყვება.
ხო, მართლა, ახლა თურმე  “მწვანე საქართველოს” პროგრამა იწერება. ისევ ცისფერთვალება ვერონიკამ გვიშველა რომ მთლად არ გავცისფერდით. ჩამოვიტანთ 1000 ელეტრომობილს და ვიქნებით “მწვანე ქართული სინგაპური”.
ხვალ რომ სინგაპურზე მაგრად “სხვაპური” გაბრჭყვიალდეს? მერე რა, ზუსტად ერთი წამი, მხოლოდ ერთი სიტყვაა საჭირო (მთქმელს აღარ დავასახელებ) ჩვენი სახელმწიფო კურსის შესაცვლელად, გვდიოს ევროპამ კუდში…
ახლა ხომ გაიგეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და საით მივდივართ? გვირაბიდან უკვე შუქში ვართ გასულები. გაბრწყინდა საქართველო, მოიქცა მზე საქართველოს მერიდიანზე… მოდით, ვინც უკვე გაიარა გვირაბი და უკვე გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრობს, თავისი სიმართლით ეშველოს, ვინც გვირაბის ბოლოს შუქს ხედავს და იმედია აქვს, რომ მალე გავა სინათლეში, მირაჟში არ მოხვედრილიყოს, ხოლო ვინც შუქს საერთოდ ვერ ხედავს, თითო სანთელი დაენთოს…
This entry was posted in მწვანე საქართველო. Bookmark the permalink.

1 Responses to რა სახელმწიფოს ვაშენებთ?

  1. მემატიანე ამბობს:

    საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ცხოვრების ორი ფერი გაბატონდა, შავი და ვარდისფერი, ამასთანავე არსებობს ორნაირი სათვალე, ერთი შავს ვარდისფერად აჩვენებს, მეორე ვარდისფერს შავად, ეს კაცზეა დამოკიდებული თუ რომელს მოირგებს, უფრო სწორად არაკაცზე, თორემ თუ კაცი ხარ უსათვალოდ უნდა უყურო ცხოვრებას და დაინახო ისეთი, როგორიც არის, შელამაზებისა და დამახინჯების გარეშე. ყველა ფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა.

დატოვე კომენტარი