სააკაშვილი: მედიის თავისუფლებაზე გამოთქმული პრეტენზიები ”სისულელეა”

სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აპრ.’10 / 00:06

ეს პრეტენზიები ”გულუბრყვილო უცხოელებისთვის” გამოითქმის
”იმედია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალი რეიტინგი გაიზრდება”

ლოს ანჟელესში, მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე გამოსვლისას 27 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აუდიტორიას განუცხადა, რომ ის ”ნაწილობრივ” იზიარებს სასამართლო სისტემის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ხოლო მედიის თავისუფლების მისამართით გამოთქმულ პრეტინზიებს მან ”სრული სისულელე” უწოდა.

”რაც შეეხება პრესის თავისუფლებას[თან დაკავშირებულ პრეტენზიებს], ეს სრული სისულელეა; ეს [ბრალდებები] ძირითადად გულუბრყვილო უცხოელებისთვის კეთდება; ეს არის კლიშე, რომელიც კარგად საღდება, მათ შორის თქვენი [რადიო] სადგურისთვისაც,” მიმართა მან რადიო ”თავისუფლების” პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ჯეფრი გედმინს.

გედმინი კონფერენციის იმ ნაწილის მოდერატორი იყო, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდიოდა სიტყვით.
მედიაზე საუბრისას, სააკაშვილმა ასევე განაცხადა: ”საქართველოში არის ტელევიზიები, რომლებიც მთავრობისადმი მეტ-ნაკლებად სიმპათიით არიან განწყობილები; მაგრამ ასევე არიან ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან, მათ ეზიზღებათ მთავრობა.”
”მაგრამ თუნდაც იმ ტელევიზიებს, რომლებიც სიმპათიით არიან მთავრობისადმი განწყობილები, ეს მათ იმაზე ნაკლებად ახასიათებთ, ვიდრე CNN-ს [აშშ-ის] დემოკრატიული პარტიისადმი სიმპათიით განწყობა. რაც შეეხება ბეჭვდურ მედიას, მისი 95% მთავრობის მოწინააღმდეგეა, საქართველოში ყველაფერზე ლაპარაკობენ, ტაბუირებული თემები არ არსებობს,” განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანომდებლობა ლიბერალურია.
მან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორე არხის ახალმა ფორმატმა საეთერო დრო ”ყველა რადიკალური ჯგუფისთვის” ხელმისაწვდომი გახადა. მან იქვე დასძინა, რომ ”შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის შესახებ” მოწოდებებიც კი ისმის.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ მისი სამეურვეო საბჭოს ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. 2009 წლის დეკემბერში, პარლამენტმა 15-ადგილიან საბჭოში შვიდი ახალი წევრი აირჩია, მათ შორის 4 წევრი, რომლებიც სხვდასხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან იყვნენ მხარდაჭერილები.
სააკაშვილის თქმით BBC-ის ექსპერტები ეხმარებიან საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა მან სტანდარტების დაცვა მოახერხოს, მაგრამ ამის მიუხედავად, დასძინა მან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებადობის რეიტინგი 3% არ აღემატება.
”იმედია ეს მაჩვენებელი გაიზრდება; ამას დრო ჭირდება,” განაცხადა მან. ”მაგრამ პრობლემა არსებობს ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით”.
სააკაშვილის მოხსენების მთავარი თემა იყო საქართველოში ეკონომიკური რეფორმები და მის მიერ შარშან გაკეთებული ინიციატივა ეკონომიკის თავისუფლების აქტის შესახებ.
წყარო: http://www.civil.ge
This entry was posted in მედია. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი