ზურაბ ქაფიანიძე: კოტორაშვილის კომბლის მოქნევა ამ საუკუნეშიც შეიძლება!

კოტორაშვილის კომბლის მოქნევა ამ საუკუნეშიც შეიძლება!
ამერიკა კი ბოროტების იმპერიაა, რომელსაც სძულს ქართული სახემწიფოცა და ქართველი ერიც…
04 12, 2009
ვერსალში არასდროს ყოფილა, არც კატის მოალერსე ლუი XIV უნახავს და არც ქართველი ყრმა, სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გასაყიდად გაყვანილი… თანამედროვე საქართველოში ცხოვრობს და საქართველოა მისთვის “თოვლიც, წვიმაც და ყინვაც…” სამოცამდე კინოროლი ითამაშა. მას შემდეგ, რაც ქართული კინო “გაჩერდა”, ზურა ქაფიანიძემ ვერც კინოში და, ნაწილობრივ, ვერც ცხოვრებაში ვეღარ შეძლო თავისი როლის შესრულება… მას, როგორც ჭეშმარიტ მსახიობს, ყველა როლი თავისებურად უყვარს, თუმცა, თუ იმ კინოგმირზე მიდგება საქმე, რომელსაც ცხოვრებაშიც ითავისებს, ეს ივანე კოტორაშვილი და პაპაი არიან…
ზურაბ ქაფიანიძე:
ეგეთ საზიზღარ, ცუდ დღეში, როგორშიც დღეს საქართველოა, არასდროს ვყოფილვართ!
ბევრჯერ დავმარცხებულვართ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მაგრამ ის დამარცხებული ქართველიც კი თანამედროვე ქართველზე ბევრად უფრო ძლიერი და ზნეობრივი იყო!
დღეს ქართველებს ისეთი საშინელი ომი გამოგვიცხადეს, რომლის წინაშეც ქართველი ერი უმწეო და სუსტი აღმოჩნდა…
– შარშანდელ აგვისტოს გულისხმობთ?
– შარშანდელ აგვისტოს კი არა, იმ ომს ვგულისხმობ, რომელიც ქართულ აზროვნებასა და ცნობიერებას ანგრევს; რომელიც, წლებია, მიმდინარეობს და ქართველი ერის გადაშენებისა და ქართული სახელმწიფოს ნგრევისკენაა მიმართული. აგვისტოს ომიც მაგის შედეგია, ერთ-ერთი შედეგი…
– მიშა ამბობს, რომ მაგ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ…
– ჩემთვის ეგ თქვენი პრეზიდენტი არც დავით აღმაშენებელია და არც ილია ჭავჭავაძე.
მაგას მე ყურს არ ვუგდებ, ვისაც მაგისი ტყუილების სჯერა, ყურიც იმან დაუგდოს. როგორც სააკაშვილმა გაიმარჯვა ამ ომში, სულ ეგრე “გამარჯვებულს” ევლოს მთელი ცხოვრება!
მე მხოლოდ ის მინდა, ამ წყევლაში ქართველები არ მოხვდნენ…
გიჟივით რომ დაუჟინია, “გავიმარჯვეო”, ჩვენ რა, ბრმები ვართ, ყრუები თუ დებილები?
გამარჯვებასა და დამარცხებას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ?!
ოცი წლის მანძილზე ყველა ომი კი წავაგეთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ვიცით და გენეტიკური მეხსიერებაც გვაქვს!
– ბრძანებთ, ცუდ დღეში ვართო. თქვენთვის ეს საზიზღარი ყოფა რაში გამოიხატება?
– ჩემი და შენი რას გაუყვია საქართველოში და ქართველი კაცისთვის…
ოთხი მილიონი ქართველიდან ორი მილიონი ქართველი რომ საქართველოდანაა გასული და მონებად უდგას გადამთიელებს, ეს მთელი ერის ტკივილი არაა?!
მთელი ერის საწუხარი არაა, ამ ამაყ და მამაც ქართველებს მონების, ქურდბაცაცებისა და ღატაკების სახელი რომ გვაქვს მთელ ევროპაში გავარდნილი?!
– რუსებს რომ დღედაღამ დედას აგინებენ და ომს უცხადებენ, მაშინ, როცა მილიონნახევარი ქართველი რუსეთშია ლუკმაპურის საშოვნელად, ეს დანაშაული არაა, თუნდაც იმ გაუბედურებული ქართველების წინაშე?!
ამ ზამთარს, ან გასულ ზამთარს, ან სულაც მომავალში, ვინმე დაფიქრებულა ან დაფიქრდება, რა ეშველებათ საბრალო მოხევებს?..
აქეთ სავალ გზას რომ თოვლი გადაუკეტავთ, იქით, ვლადიკავკაზისკენ გზა კი ამ მთავრობის უგნურობამ უკვე გადაუკეტა…
არანაირი სამუშაო ადგილი რომ არ არსებობს – არა ფაბრიკა, არა ქარხანა და არც არანაირი იმედი დასაქმების, ეს მთელი ქვეყნის უბედურება არაა?!
– გვაიმედებენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ეს პროცესები ბუნებრივია და მტკივნეული რეფორმების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო…
– მტრის საქმე იყოს ისე “კარგად”, ჩვენი საქმე რომ კარგად იქნება სააკაშვილის ხელში, თუ დროზე არ ვუშველეთ ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც!
რა შუაშია საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ქართლის დედის შეგინებასთან?!
ყველა სიწმინდეს თავიანთი ბინძური ხელებითა და აზროვნებით რომ შეეხნენ და წაბილწვას უპირებენ, ამით ააშენებენ ცივილიზებულ სახელმწიფოს?!
მაჩვენეთ ერთი, რომელმა ევროპულმა ქვეყანამ გალანძღა თავისი წინაპრები, რომელმა მოსცხო საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და გმირებს ჩირქი?
ვიდრე ცოცხალი ვარ, როგორც დუშმან მტერს არ დავნებდები, ისე ამათ არ დავანებებ ჩემი სამშობლოს გაბითურებასა და გაპარტახებას, მაგრამ ამას მარტო მე და ჩემისთანები არ ვეყოფით. თქვენც, ახალგაზრდებმაც, უნდა ამოიღოთ ხმა…
– ხმა ოპოზიციამ რომ ამოიღო, ისე უნდა, მაგრამ…
– ხმის ამოღება მარტო “მიშა, წადის” ძახილი არაა. მთავრობა რომ ყრუ და ბრმა გვყავს, ვიცით უკვე, მაგრამ ესენიც ყრუები და ბრმები არიან?
რით ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცს ნამუსი არ აქვს, გინდა ნიფხავჩახდილი უძახე და გინდა მშიშარა კურდრელი, არ მიდის მაინც…
ესე იგი რაღაც სხვა გზაა მოსაძებნი, რისი ოპოზიცია ხარ, თუ გამოსავალს ვერც ხედავ და ვერც პოულობ!
– გამოსავალი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაში დაინახა ზოგიერთმა…
– საქართველოში ნებისმიერი არჩევნები ისე ჩატარდება და ისე გაყალბდება, როგორც ეს ამერიკელებს უნდათ. აქამდე რომ ორი არჩევნები გაუყალბეს ოპოზიციას, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ამოიღო ხმა?
არც მესამეზე ამოიღებენ ეგენი ხმას და არც – მეოთხეზე…
– არც მანიფესტაციებსა და არც არჩევნებს თუ არ აქვს აზრი, მესამე გზას შესაძლოა სისხლისღვრა მოჰყვეს, ამაზე წასვლა კი, ბუნებრივია, არავის უნდა…
– ჩემგან ნუ ითხოვთ ამ მესამე გზის მოძებნას და გახმოვანებას. მესამე იქნება თუ მეოთხე, ეს გზა ოპოზიციის მოსაძებნია და, თუ ამის თავი არ აქვს, მაშინ დაანებოს ამ ხალხს თავი და ხალხი თვითონ მიხედავს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ვიცი, რასაც ვიზამდი…
– რა გიშლით ხელს?
– მე მივედი ოპოზიციასთან, მაგრამ იქ ისე არ დამხვდნენ, როგორც ველოდი. ვიფიქრე, მივალ, საერთო საქვეყნო საქმეა და მეც ქმედითად ჩავერთვები საქმეში მეთქი. ოპოზიციაშიც მოხარულები იქნებიან, მეტყვიან, აბა, რას იტყვით, ბატონო ზურაბ, აბა, რას გვირჩევთ, მაგრამ შენც არ მომიკვდე…
მე თავპატიჟი კი არ გამომიდია და რევერანსებს კი არ ვითხოვდი, საქმის კეთება მინდოდა, საერთო საერო საქმის.
მაგათ კიდევ ზურა ქაფიანიძე და მსგავსი კაცები მარტო მიტინგზე გამოსაჩენად და იმის დასამტკიცებლად სჭირდებოდათ, – სააკაშვილის “ჩარეცხილი” ინტელიგენცია ჩვენს გვერდით დგასო…
მე არც არავის “ჩავურეცხივარ” და არც არავის გვერდით არ ვდგავარ საქართველოსა და ქართველი ხალხის გარდა. მოკლედ, ოპოზიციის დახვედრით პირველივე დღეს მივხვდი, რომ არც მაგათ უძგერთ მთლად ქვეყნის სასიკეთოდ გული და ეგრეც გამოჩნდა ბოლოს.
– თუ არც ხელისუფლება გვივარგა, არც ოპოზიცია და დავით აღმაშენებელიც მხოლოდ ისტორიაში გვყავს, როგორ უნდა მოვიქცეთ?
– ტვინი ხომ გვაქვს და აზროვნების უნარი…
თუ პროცესები თავის ნებაზე მივუშვით, მე შეიძლება მაგ დაწყევლილ დროს არ მოვესწრო, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდებს, მართლა მოგიწევთ უსამშობლო ტერიტორიაზე ცხოვრება. მანამდე კი ასე ნელ-ნელა ისე გაგითახსირებენ ქვეყანასაც და ერსაც, აზრზე ვერ მოხვალთ!..
მერე ჩამოვლენ სომხები, რუსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები და ოსები და გეტყვიან, რომ მათ სახელმწიფო აქვთ, თქვენ კი, რაც იმ დროისთვის დარჩენილი ტერიტორია გექნებათ, იმასაც ვერ დაიცავთ; იეღოველებივით თუ პაციფისტებივით იარაღს ხელში ვერ აიღებთ, მტერს ვერ მოკლავთ და მორჩა, აღარც ქართველები იქნებით და აღარც სამშობლო გექნებათ…
– აპოკალიფსურ სურათს ხატავთ…
– ჰოდა, რეალობად რომ არ გექცეთ, გონს მოდით! მე არ ვიცი, სად, რა ხერხებითა და მექანიზმით უნდა ვუჩივლო საქართველოს ხელისუფლებას!
რომ ვიცოდე, ვუჩივლებდი მასაც და ამერიკის ხელისუფლებასაც, ორივეს ერთად!
არ მეგონა, ამერიკა ასეთი გახრწნილი, უკეთური და ბოროტი ქვეყანა თუ იყო. ჩვენი მთავრობა მუდამ იმას ამტკიცებს, რუსეთი ჩვენი მტერია, ამერიკა – მოკეთეო. სინამდვილეში რუსეთს არ სძულს საქართველო, ადრე თუ გვაინ ამას ქართველი ხალხიც მიხვდება და რუსიც. ამერიკა კი ბოროტების იმპერიაა, რომელსაც სძულს ქართული სახემწიფოცა და ქართველი ერიც…
– რა გაძლევთ ასეთი “ბრალდების” საფუძველს?
– ამაზე მეტი საფუძველი რა გინდათ, რაც შარშან აგვისტოში მოხდა. ჯერ გააგიჟეს ეს ჩვენი ისედაც გიჟი პრეზიდენტი, შენ გვერდით ვართო, გაახელეს, ომი დააწყებინეს და მერე მიგვატოვეს. შეიძლება, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თოჯინასავით მართო რუსეთის გასაღიზიანებლად და მერე სამართლიანად თუ უსამართლოდ გაღიზიანებულ რუსეთს შეატოვო?
თუ ბარბაროსი არ ხარ, ამაში უნდა გამოიყენო ეს უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ერი?
რატომ გააღიზიანეს რუსეთი, რა უნდოდათ ფოთში ამერიკის გემებს ომის დროს?
წყალი შემოგვიტანეს? ჯერ მაგას ვინ დაიჯერებდა და, ასეც რომ ყოფილიყო, ვის რა ჯანდაბად უნდოდა მაგათი წყალი, წყალს მიაქვს საქართველო…
ან რა გჭირს ამაერიკის საშველი. ამერიკა სულ არ არსებობდა, მაგრამ დიდგორიც მოგვიგია და ბასიანიც!
– ახლა სხვა მოცემულობა და სხვა რეალობაა, ბატონო ზურაბ…
– ჰოდა, ამ მოცემულობაში და რეალობაში, გონიერი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ერთ წელიწადში აფხაზეთსაც დავიბრუნებდით, ოსეთსაც, რუსეთთანაც დავალაგებდით ურთიერთობას და მილიონობით ქართველსაც დავაბრუნებდით საქართველოში…
როგორ? – ამას ნუ მკითხავთ, მე ჭორიკანა დედაკაცი არ ვარ, გაზეთები ლაყბობით რომ ავაჭრელო. რეალურად უნდა მოგვეცეს და მოვიპოვოთ სახალხო, საერო საქმის კეთების საშუალება.
მხოლოდ ერთს გეტყვით, კოტორაშვილის კომბლის მოქნევა ამ საუკუნეშიც შეიძლება! მთავარია, კომბლის მომქნევი აღმოჩნდეს საქართველოში და იმ კომბლის მომქნევს გამბედაობის გარდა, საიმისო ჭკუაც აღმოაჩნდეს, რომ სწორად განსაზღვროს, კომბალი რა მიმართულებით მოიქნიოს…
ესაუბრა ელგა ფოლადიშვილი

წყარო: http://forum.rustavi2.com/lofiversion/index.php/t6503-200.html

This entry was posted in აგვისტოს ომი, ეს უნდა წაიკითხოთ. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი